დღესდღეობით სარეზერვო ელექტროენერგია უამრავ ბიზნესსა თუ ინდუსტრიას სჭირდება, ბევრი მათგანი მდებარეობს ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში. შესაბამისად დიზელ გენერატორების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული ხმაურის დონის მარეგულირებელი წესები. თუკი ამას ყურადღებას არ მივაქცევთ და შეუსაბამო გენერატორს შევიძენთ, ეს არა მხოლოდ არაეთიკური გადაწყვეტილება იქნება ირგვლივ მაცხოვრებელთა მიმართ, არამედ კანონის დარღვევაც, რაც საკმაოდ მაღალი ჯარიმების გადახდის საფუძველი გახდება.
რა არის ხმაური?
ხმაური წარმოიშვება საგნის სივრცეში ვიბრირებით, რომელიც ჰაერში წნევის ტალღებს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, როცა წნევის ტალღების ამპლიტუდა აჭარბებს ზღვრულ დონეს, ხმაურის მოსმენა შეიძლება გახდეს არაკომფორტული, შემაწუხებელი და მტკივნეულიც კი. ხმაურის დონეს განვსაზღვრავთ დეციბელის ერთეულით (dB), თუმცა არსებობს დეციბელის საზომი ორგვარი სკალა:
dB(L) – გაზომვა ხორციელდება წრფივ სკალაზე, რაც ყველა სიხშირეს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგ. ჩვენი ყურის მგრძნობელობაა 1,000-დან 4,000 ჰერცამდე წამში
dB(A) – ამ მოდელში ხმის გაზომვა გამომდინარეა ადამიანის სმენასთან შესაბამისობიდან. ამიტომ სკალაზე მნიშვნელობები შეწონილია და უფრო აკურატულად ასახავს ადამიანის სმენის აღქმადობას.
დიზელ გენერატორების შემთხვევაში ხმაურის მონაცემები წარმოდგენილია dB(A) საზომით. პარამეტრებისადმი ზოგადი მიდგომა ასეთია: 80-100 dB(A) მიჩნეულია ხმაურის მაღალ დონედ, 100-125 dB(A) დისკომფორტულად, ხოლო 140 dB(A) და მაღლა კი უკვე ტკივილის გამომწვევი და დამაზიანებელია.
ხმაურის გაზომვა
გაზომვისთვის მიკროფონები მონტაჟდება დიზელ გენერატორიდან დაახლოვებით 7 მეტრის მოშორებულ მანძილზე და 45 გრადუსიანი კუთხით. ხმის გაზომვები ხორციელდება ყურისთვის მგრძნობიარე სხვადასხვა სიხშირულ ზოლებში, მაქსიმუმ 8 ზოლში და მათი ჯამი არის ხმაურის დონის მთავარი განმსაზღვრელი.
ამ მეთოდით ჯერ იზომება გარემოს ხმაურის დონე იმ შემთხვევისთვის როცა დიზელ გენერატორი გამორთულია, ხოლო შემდეგ კი ჩართავენ სრულ დატვირთვაზე და ხელახლა ხდება იმავე გაზომვების წარმოება თითოეული სიხშირული ზოლისთვის. შესაბამისად გამოიყვანება დიზელ გენერატორის ხმაურის დონე.
ხმაურის შემცირება
დიზელ გენერატორების მიერ მუშაობის პროცესში გამოყოფილი ხმაურის ძირითადი წყაროებია:
ძრავის ბლოკის ხმაური – წვის პროცესი ცილინდრებში და მექანიკური ძალები იწვევენ ხმაურს ფართოზოლოვან დიაპაზონში
რადიატორის ვენტილატორის ხმაური – მაღალი სიჩქარით მოძრავი ჰაერის მიერ გამოწვეული ტურბულენტობის ხმა
ალტერნატორის ხმაური – ჰაერის ნაკადის, ხახუნის და ვიბრაციის შედეგად გამოწვეული ხმები
გამონაბოლქვის ხმაური – ძრავის ცილინდრებში აფეთქებებით გამოწვეული ხმაური
არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლებსაც იყენებენ დიზელ გენერატორების მწარმოებელი კომპანიები რათა შეამცირონ ზემოთმოყვანილი წყაროებით გამოწვეული ხმაურების დონე. ასე მაგალითად:
აკუსტიკური ბარიერი – კორპუსი მზადდება ფოლადის პანელებისგან, ხოლო ელექტრო კაბელებს, საწვავის მილებს თუ სხვა შემავალ კომპონენტებს უკეთდება სპეციალური შეფუთვა
აკუსტიკური იზოლაცია – ხმაურის შთანმთქმელი იზოლაცია შიდა პანელებზე
მაიზოლირებელი საყრდენები – გენერატორი, ძრავი და სხვა დამხმარე კომპონენტები ერთმანეთს უკავშირდებიან მაიზოლირებელი საყრდენების მეშვეობით
გამაგრილებელი ჰაერის ხმის ჩახშობა – ჰაერის ცირკულაციის არხში დამონტაჟებული ძგიდეები
გამონაბოლქვი – სტანდარტების მკაცრ მოთხოვნებთან შესაბამისი მაყუჩი სისტემა.
